ეკატერინე მიქაბაძე - ოქტომბერში ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა
ეკატერინე მიქაბაძე - ოქტომბერში ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებული იყო და ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა,  – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი ზრდა იყო დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონების, ვაჭრობის და სხვა სექტორებში.

მისი შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, კერძოდ, ოქტომბერში 15 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან – ზრდა 14.1 პროცენტზე, ხოლო შემოსავლები 246 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა.

„გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ოქტომბერში 11.0 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 116.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გაამახვილა ყურადღება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელზეც, რომელიც 13.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით, გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი აღნიშნა და განაცხადა, რომ მისიის მიერ კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

„სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, დააჩქარებს კერძო სექტორით განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 6.7 პროცენტზე დაფიქსირდა.