ეკატერინე გორგოძემ რუსი ხრომაჩევა დაამარცხა და ფრანგული ტურნირი მოგებით დაიწყო
ეკატერინე გორგოძემ რუსი ხრომაჩევა დაამარცხა და ფრანგული ტურნირი მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, ITF-ის (ჩოგურთის საერთაშორისო ფედერაცია) სერიის ტურნირში წარმატებული სტარტი აიღო.

გორგოძეს, რომელიც მსოფლიოს 168-ე ჩოგანია, პირველ წრეში კლასიფიკაციის 154-ე ნომერი, რუსი ირინა ხრომაჩევა დაუპირისპირდა. 2 საათი და 41 წუთი ბრძოლის შემდეგ, ქართველმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 6:7(8), 6:0.

პირველ სეტში გორგოძემ სამი ბრეიკი შეასრულა და  საკუთარი მოწოდება ერთხელ წააგო. ქართველს შეეძლო საქმე მესამე სეტამდე არ მიეყვანა, მაგრამ მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და 8:10 წააგო. სამაგიეროდ, მესამე სეტში გორგოძემ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს გეიმი არ დაუთმო.

მეორე წრეში გორგოძე პარაგვაელ ვერონიკა სეპედესა და არგენტინულ პაულა ორმაეჩეას შორის მოგებულს შეხვდება.