ეკატერინე გორგოძე ბუენოს აირესის ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალშია #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე არგენტინაში მიმდინარე ბუენოს აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგში წარმატებულად ასპარეზობს. გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად გათამაშების ნახევარფინალში უნგრელები – ბოდვარი და უდვარდი ანგარიშით 6:4 7:6 დაამარცხეს და დღეს ფინალში არგენტინულ/ბერძნულ წყვილს, კარლე-პაპამიხაილს შეხვდებიან. გორგოძე და ბარა ბუენოს-აირესის ტურნირზე პირველ ნომრად არიან განთესილები.
ეკატერინე გორგოძე ბუენოს-აირესის WTA-ის 125-ქულიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა, სადაც მეოთხედფინალური მატჩი გათამაშების პირველ ნომერთან, ეგვიპტელ მაიარ შერიფთან გამართა. ქართველი ორ სეტში ანგარიშით 1:6 4:6 დამარცხდა და წარმატების მოპოვებას წყვილებში შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წინა კვირაში ტრანსილვანიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში მან და რუმინელმა ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე-კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხეს.