ეკა სეფაშვილი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადება ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების გადაწყვეტილება შეუთანხმებია ევროპარლამენტარებთან
ეკა სეფაშვილი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადება ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების გადაწყვეტილება შეუთანხმებია ევროპარლამენტარებთან

ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომ მან იცოდა ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, ადასტურებს ჩვენს ვარაუდს. აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი გადაწყვეტილება შეუთანხმებია და გაუვლია ევროპარლამენტარებთან ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებას აპირებდა, ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით.“

„ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომ მან იცოდა ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, ადასტურებს იმას, რაც ჩვენ ვარაუდად გამოვთქვით. ვივარაუდეთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მოქმედებს სხვების დავალებით. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მას თავისი გადაწყვეტილება შეუთანხმებია და გაუვლია ევროპარლამენტარებთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ქალბატონი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაზე წინ და მოსახლეობაზე წინ აყენებს ევროპარლამენტარებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საქართველოს ბედი არ აღელვებთ. მოწმობს იმას, რომ მათ მიერ ხშირად ხდება არასამართლიანი რეზოლუციების მიღება და ასევე, უსაფუძვლო კრიტიკა საქართველოს მიმართ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ განწყობას ქმნის ხალხში. ის, რომ ვითომ ეს შეწყალება საქართველოში დეპოლარიზაციას შეუწყობდა ხელს, პირიქით, ამან გამოიწვია ხალხის სამართლიანი გულისწყრომა და საზოგადოებაში მეტი დაპირისპირება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.