ეკა დგებუაძე - განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში დაეხმარება
ეკა დგებუაძე - განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში დაეხმარება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი მუშაობენ ერთობლივ ონლაინ და ოფლაინ პროგრამებზე, რომლებიც მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში დაეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს პირველი არხის შენობაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

​„განათლების სამინისტრო უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტთან ერთად ვგეგმავთ, ​ოფლაინ და ონლაინ პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის. არაერთი შეხვედრა ჩატარდა ამ მიმართულებით. შეიქმნება დამატებითი რესურსები, საქართველოს პირველი არხის ეთერით მოსწავლეები მიიღებენ ისეთ პროგრამებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში დაეხმარება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, მუშაობა ასევე მიმდინარეობს ჩვენს საგნობრივ ექსპერტებთან.

„უნდა განისაზღვროს ძირითადი საგნები და ამოცანები, რომლებსაც დაეფუძნება თითოეული მასწავლებელი, რომელიც წაიყვანს გადაცემას. ასევე, ვმუშაობთ დოკუმენტური ფილების შერჩევაზე, რომლებსაც მივუსადაგებთ სასწავლო პროგრამას და ვფიქრობთ, უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი გაკვეთილების ჩაწერის პროცესი“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანამანათლებლო პროექტს იწყებს. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტით შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება. პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა.