ეკა ბესელია - ვერ დავიჯერებ, ოთარ კახიძემ არ იცის, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო
ეკა ბესელია - ვერ დავიჯერებ, ოთარ კახიძემ არ იცის, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო

პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არა აქვს და ამ რეკომენდაციით დროებითი საგამოძიებო კომისია თავის უფლებამოსილებას აშკარად სცდება,  – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატს უჭირს დაჯერება, რომ კომისიის მდივანმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ ეს არ იცის.

ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა დასკვნა ექნება საბოლოოდ დროებით საგამოძიებო კომისიას.

„კომისიის პროდუქტს როდესაც გაეცნობა საზოგადოება, არა მხოლოდ იურიდიული წრე, ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც უბრალოდ იცის კონსტიტუციური პრინციპი, გაუჩნდება კითხვა, რატომ ვაკეთებთ იმას, რისი უფლებაც არა აქვს კომისიას. ვერ დავიჯერებ, ოთარ კახიძემ არ იცის, რაც კონსტიტუციაში წერია – მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო. ვერ დავიჯერებ, არ იცოდეს, რომ ხელისუფლების ამ შტოს, პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არა აქვს და ამ რეკომენდაციით აშკარად სცდება კომისია თავის უფლებამოსილების ფარგლებს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების. ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იცის. მჯერა, რომ იცის და ამიტომ მიჩნდება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას“, – მიმართა კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებს ეკა ბესელიამ.

მისი ვარაუდით, ყოველივე ამას პოლიტიკური მიზანი აქვს.

„ეს ალბათ იმიტომ კეთდება, რომ არის პოლიტიკური ფორმულირება, იმდენად უნდა გინდოდეს, რომ რაღაც სკანდალური დაიწეროს ამ დასკვნაში, მაგალითად, აღმოაჩინე, რომ არსებობს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მკვლელობა აქვს ჩადენილი და ვინმე ხელს აფარებს. ალბათ ეს არის, მაგრამ როგორი დიდიც არ უნდა იყოს ცდუნება, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გულწრფელად ვამბობ, ძალიან მიკვირს, რამ უნდა გადაწონოს ეს. შინაგანად იცი, რომ არ შეგიძლია ამის გაკეთება, თუმცა მაინც აკეთებ და ტრაგედიას, რის გამოც ვართ ამდენი ხანი შეკრებილი და რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, კიდევ ერთ ტრაგედიას ამატებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კომისიის წევრები სხვადასხვა კონტექსტში მუდმივად ახსენებენ მ.კ-ს. ამის მაგალითად ბესელიამ ოთარ კახიძის სამი ფრაზა დაასახელა და აღნიშნა, რომ დაირღვა მ.კ.-ს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„ამ ადამიანს მუდმივად ახსენებს კომისიის ყველა წევრი სხვადასხვა კონტექსტში. ახლა სამი ფრაზა ჩავიწერე, რაც ოთარ კახიძემ თქვა, სადაც სამი ძალიან უხეში დარღვევა იყო პრეზუმფციის – „განზრახ ჯგუფური მკვლელობა ჩაიდინა“, „განზრახვა გამყარებულია“ და მესამეც ანალოგიური წინადადება. არ შეიძლება ამის გაკეთება. არა აქვს კომისიას უფლება, რომელიმე პირის სამართლებრივი შეფასება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის კოდექსით და მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ ადამიანს წაუყენე განზრახ მკვლელობის ან ნებისმიერი სხვა მუხლის კონკრეტული პუნქტის კონკრეტული ნაწილის კვალიფიკაციით ბრალი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, ეს არის კონსტიტუციური პრინციპის ძალიან უხეში დარღვევა, რასაც ცალსახად ემიჯნება.

„არავინ ამბობს, რომ მ.კ. ურტყამდა აკრძალულ საგანს – დანას დავით სარალიძეს. ერთი ასეთი პირდაპირი ჩვენება მაინც კომისიას არ მიუღია. ეს ყველაფერი არის სტანდარტი, რომლითაც შეიძლება ისაუბრო მტკიცებით ფორმაში, რომ ადამიანმა ჩაიდინა მკვლელობა?“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ კომისიის სხდომაზე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.