ეკა ბესელია - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მხარდასაჭერად მზად ვართ
ეკა ბესელია - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მხარდასაჭერად მზად ვართ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს. მისივე თქმით, ვინაიდან არიან კოლეგები, რომელთაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული მოსაზრება, ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდებიან, რათა შიგნით კონსენსუსი შედგეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებში ახალი არაფერი არის.

„ამ საკითხზე მთელი წლის განმავლობაში ექსპერტებთან, კოლეგებთან, მხარეებთან და ევროპელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობდი და პრეზიდენტის მხრიდან გახმოვანებული არგუმენტები ახალი არ არის. ისეთი წონის არგუმენტები არ არის, რომელიც სრულიად ახალი შემოთავაზება და ახალი არგუმენტი იქნებოდა იმისა, რაც უკვე იყო განხილული და საკმაოდ დეტალურადაც. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ, რა შუაშია კონსტიტუციასთან შეუსაბამობა?! ამის დასაბუთება ვერავის მხრიდან ვერ მოვისმინე გარდა იმის, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის თემამ გაიჟღერა. კონსტიტუციის ბოლო ცვლილებებში, მაუწყებელთან დაკავშირებული ჩანაწერი პირველად გაჩნდა. ვისურვებდი, რომ რეფორმას, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო და რომლის მიზანია, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდეს, ჰქონდეს ყველა რესურსი საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური თუ სხვა სახის, რათა რეალურად იყოს საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელი. ამ რეფორმის მხარდასაჭერად მზად ვართ“, – აღნიშნა ბესელიამ.

კანონმდებელი ცვლილებებთან მიმართებაში მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმრავლესობას ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.

„რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც პარლამენტშიც იყო და ეს საჯარო განხილვის დროსაც ჩანდა, ამაზე მსჯელობა შიგნითაც გვექნება. ახალი ვერაფერი ვერ მოვისმინე, ვერც რეკლამასთან დაკავშირებით და ვერც იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის ჩანაწერიც პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ ხელახლა განხილული უნდა იყოს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის საკმაოდ დადებითი დასკვნები გვაქვს, რომელიც ამ ცვლილებებს მხარს უჭერს. არიან კოლეგები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ და ამიტომ, ამ საკითხზე წინასწარი, სამუშაო და დეტალური შეხვედრა დაგვჭირდება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მივიღებთ. უმრავლესობას ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არიან კოლეგები, რომელთაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული მოსაზრება, ამიტომ ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და ვიმსჯელებთ, რათა შიგნით კონსესუსი შედგეს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, შესაძლებელია, კვლავ დარჩნენ ადამიანები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება ექნებათ, მაგრამ გადაწყვეტილება ერთად უნდა იქნას მიღებული.

„არ ვიჩქარებდი იმის მიუხედავად, რომ არ ვიზიარებ იმ შენიშვნებს, რაც პრეზიდენტს აქვს გამოთქმული. ვერ დავინახე, რომ იქ რაიმე ახალი და წონადი არგუმენტია, ვიდრე ის არგუმენტები, რომლითაც გადაწყვეტილება იყო ნაკარნახევი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდის შიგნით ამ თემაზე არ უნდა ვისაუბრებთ. საბოლოოდ, ვგეგმავთ, რომ ეს შეხვედრა საგაზაფხულო სესიის გახსნამდე დაიგეგმოს, სანამ ვეტოზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება. რაც შეეხება არასამთავროებს, შეხვედრისთვის და განხილვისთვის ყოველთვის გახსნილი ვიყავით. მსგავსი მომართვა მთელი წლის განმავლობაში არ ყოფილა. არც ის შემთხვევა დაფიქსირებულა, რომ მათ შეხვედრის სურვილი ჰქონოდათ და ვინმეს უარი ეთქვა. მსგავსი შეხვედრებისთვის ყოველთვის მზად ვიყავი და მზად ვართ, მოსაზრებები მოვისმინოთ, განხვილოთ და არგუმენტებით ვისაუბროთ“, – განაცხადა ბესელიამ.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას მიმართავენ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო არ დაძლიონ.

ინიციატორები კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრას ითხოვენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ უკრაინაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.