ეკა ბესელია - სამწუხაროა, რომ იურიდიული კომიტეტის წევრთა ნაწილი იმეორებს იმ არგუმენტებს, რასაც ვისმენდით იუსტიციის საბჭოს მხრიდან
ეკა ბესელია - სამწუხაროა, რომ იურიდიული კომიტეტის წევრთა ნაწილი იმეორებს იმ არგუმენტებს, რასაც ვისმენდით იუსტიციის საბჭოს მხრიდან

საზოგადოება არის ერთ მხარეს. მეორე მხარეს დგას იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა თავისი ინტერესებით და იურიდიული კომიტეტის წევრთა ნაწილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ განუცხადა.

„სამწუხაროდ, გამოიკვეთა, რომ იურიდიული კომიტეტის ის წევრები, რომელთაც არ დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივას, ზუსტად იმეორებენ იმ არგუმენტებს, რასაც ვისმენდით იუსტიციის საბჭოს მხრიდან მოსამართლეებთან შეხვედრის დროს. ეს არის სამწუხარო. მაგრამ მგონია, რომ კარგია. ღიად გამოჩნდა პოზიციები. სწორედ ეს არის რეალობა, რაც ხდება ბოლო პერიოდში, როდესაც არ არის საკმარისი არგუმენტები, რატომ არ უჭერენ მხარს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატები ყველაზე ხშირად კონსტიტუციას იშველიებენ.

„ზოგადად კარგია, კონსტიტუციას ხშირად რომ ვახსენებთ, მაგრამ უბრალოდ უცნაურია, რომ ამ კანონპროექტის დროს ყველაზე მეტად კონსტიტუციას ვიშველიებთ მაშინ, როდესაც ზუსტად კონსტიტუციას ეფუძნება ეს ინიციატივა. ფაქტია, რომ საზოგადოება არის ერთ მხარეს. ჩვენ გამოვხატავთ ინიციატივას, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას ნამდვილად მოსწონს, ითხოვს. მეორე მხარეს დგას იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა თავისი ინტერესებით და კომიტეტის წევრთა ნაწილი. ეს არის რეალური სურათი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.