ეკა ბესელია - როცა ლევან ყიფიანი ოქუაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსიას თავდაყირა აყენებს, საქმის გამოძიება უფრო საჭირო ხდება
ეკა ბესელია - როცა ლევან ყიფიანი ოქუაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსიას თავდაყირა აყენებს, საქმის გამოძიება უფრო საჭირო ხდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გაკეთებული განცხადება გამოძიების კიდევ უფრო სწრაფად ჩატარებას საჭიროებს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, წინასწარი დასკვნების გაკეთება სულსწრაფობაა და ხელს მხოლოდ რეალობის დადგენას უშლის, საიდანაც უფრო პოლიტიკური ინტერესი ჩანს.

„მგონია, რომ თუ ამ საკითხს სწორად და სამართლებრივად მივუდგებით, მოთხოვნა სწორედ ის უნდა იყოს, რომ გამოძიებამ ობიექტურად უნდა იმუშაოს და შესაძლებლობა მივცეთ, დაადგინოს, ჩანაწერები ავთენტურია თუ არა და რა მოხდა. გამოძიების დასრულების გარეშე ყველა შეფასება აღქმულია, როგორც სუბიექტური. ლევან ყიფიანის განცხადება გამოძიების კიდევ უფრო სწრაფად ჩატარება ითხოვს. არავის ნათქვამს არ ვიღებ, როგორც ფაქტს. განსაკუთრებით ფარული ჩანაწერების. არავინ იცის, ვის მიერ განხორციელდა, კანონიერია და რეალურია თუ არა. იმ ადამიანების მიკვირს, ვინც გაუგებარ ჩანაწერებს ფაქტად იღებს და დასკვნებს აკეთებს. როცა ლევან ყიფიანი ყველა იმ ვერსიას თავდაყირა აყენებს, რომელიც ოქუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ, ახლა უფრო საჭირო ხდება ამის გამოძიება. გამოძიების ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კონტრსაწინააღმდეგო ვერსიები ისმის. ოქუაშვილმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს. ლევან ყიფიანის ჩვენების სისწორეს რატომ გამორიცხავთ, იმის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, რომ უნდა გამოვრიცხოთ? რა გარემოებები გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სარწმუნო არ არის? ის უფრო მეტად სარწმუნოა, რა ვერსიებიც გვესმის? ჩემთვის ყველაფერს სჭირდება გადამოწმება და ყველა ჩვენებას სჭირდება მტკიცებულებებით განმტკიცებას. განსაკუთრებით იმ სრულ ქაოსში, რაც შეიქმნა“, – დასძინა ბესელიამ.

ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა. რაც შეეხება ბანკს, ყიფიანმა განაცხადა: „მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა „ოჯთ“-ის, თუ „ბე-ემ-ვეს“ ოფისში, სად წავიდა ეს ფული, ჩემთვის უცნობია“.