ეკა ბესელია - პასუხისმგებლობის მქონე კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში
ეკა ბესელია - პასუხისმგებლობის მქონე კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში

რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მქონე კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დასაწყისში რეკომენდაციებით დაწყება ზედაპირულ მიდგომას ნიშნავს.

მისივე თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის დისკრეციაა და პირის მიმართ დევნის დაწყება სამართლებრივად აბსოლუტურად შეცდომაა.

„კომისიას ექნება ალბათ რეკომენდაციები, ექნება გარკვეული ფორმა რეაგირების, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ. მაქვს ორი ძალიან კრიტიკული პოზიცია: ერთი, რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც ის აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში. დასაწყისში რეკომენდაციებით დაწყება ეს ნიშნავს ზედაპირულ მიდგომას და მე არ მივესალმები ასეთ ზედაპირულ მიდგომას. მეორე, ჩვენ რეგლამენტში და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გამოძიების დაწყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა რამეა. პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება, ასეთი კომპეტენციის მატარებელი და ასეთი უფლებამოსილების მატარებელი არ არის პოლიტიკური ორგანო, არც პოლიტიკური ორგანოს საგამოძიებო კომისია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყველა იმ გონივრულ რეკომენდაციას, რომელიც დაეხმარებოდა ამ საქმის ყველა გარემოების ობიექტურად წარმოჩენას, ყველა ასეთ ღირებულ რეკომენდაციას დავუჭერდი მხარს“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. აღნიშნული ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.- სთან დაკავშირებით.

ამასთან, დღეს სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმრთავს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.