ეკა ბესელია - მუდმივად გვიწევს იმის მტკიცება, რომ იმ ღირებულებებს ვცემთ პატივს, რომელიც ფასდაუდებელია
ეკა ბესელია - მუდმივად გვიწევს იმის მტკიცება, რომ იმ ღირებულებებს ვცემთ პატივს, რომელიც ფასდაუდებელია

ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მუდმივად გვიწევს იმის მტკიცება, რომ იმ ღირებულებებს ვცემთ პატივს, რომელიც ფასდაუდებელია, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ლილიან მორი პასკიესთან ოფიციალურ ვახშმამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ოფიციალური ვახშამი სასტუმრო„ვინოტელში“ იმართება, რომელსაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მისთვის, რომ ვახშამზე მიწვევა პირადად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ოფისიდან მიიღო.

„ძალიან მიხარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა. საქართველოს აქვს საიუბილეო თარიღი. მე ვარ განსაკუთრებით მადლიერი, რადგან, სხვათა შორის, ვახშამზე პირველად მისი მოწვევა მივიღე, მან დაასწრო ქართული მხარეს. ესეც ნიშანდობლივი იყო. მისი მოწვევით მოვედი აქ. ვახშამზე მოწვევა საქართველოს პარლამენტის პროტოკოლმაც დამიდასტურა, მაგრამ პირველი მოწვევა მივიღე პრეზიდენტის პერსონალური ოფისიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმაა მხარდაჭერის.

მივესალმები პრეზიდენტის ჩამოსვლას საქართველოში. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც უნდა ვამტკიცოთ მუდმივად, რომ იმ ღირებულებებს ვცემთ პატივს, რომელიც ფასდაუდებელია და საქართველოს აქვს დღეს ეს გამოწვევა. იმედი მაქვს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან დღევანდელ ვახშამზე შესაძლებლობა მექნება ამ საკითხებზე ვისაუბრო“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლილიან მორი პასკიე საქართველოს გუშინ ეწვია. ის დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანსა და სოფელ ოძისში იმყოფებოდა.