ეკა ბესელია - მმართველი პარტია როგორც არ უნდა ეცადოს, მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სათავისოდ შეფუთოს, არ გამოვა
ეკა ბესელია - მმართველი პარტია როგორც არ უნდა ეცადოს, მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სათავისოდ შეფუთოს, არ გამოვა

მმართველი პარტია როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა, რადგან ამ გზავნილში შინაარსი ძალიან მკაფიოდ იკითხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ამბობს, ყურში კი არ გვეჩურჩულება და ჩუმად კი არ გვკარნახობს, რა არის ის, რაც არ მოსწონთ პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან, არამედ ეს შეშფოთების და წუხილის საგანია. ეს სასამართლოსა და მართლმსაჯულებისადმი სუსტ და არადემოკრატიულ ნაბიჯებს, საარჩევნო გარემოსა და ანაკლიის პორტის თემას ეხება, სადაც არ შეიძლება, ასეთი სახიფათო მანევრები იყოს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მხრიდან არის ძალიან უარყოფითი და მკვეთრად კრიტიკული განწყობები იმ ცუდი ნაბიჯების გამო, რასაც მმართველი პარტია ბოლო პერიოდში დგამს.

„ეს 2020 წლისთვის ამერიკის მიერ ხელისუფლების ბოლო გაფრთხილებაა. ვისაც ეს ენა ესმის და ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, უნდა ესმოდეს ძალიან კარგად, რომ ის, რასაც პირისპირ, დახურულ სივრცეში გელაპარაკებიან და ეს ღია ფორმატში გადმოდის და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრს პირდაპირ ამ გზავნილით ელაპარაკებიან, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება და თვალის დახუჭვა არ იქნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სასამართლო სისტემისა და არჩევნების შესახებაც ისაუბრა. „მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, პომპეოს თქმით, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.