ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ წევრებს - საზოგადოების იმდენი სახის პროტესტი გინახავთ წლების განმავლობაში, მაგრამ ამას არც ერთხელ არ მოჰყოლია კომისიის შექმნა
ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ წევრებს - საზოგადოების იმდენი სახის პროტესტი გინახავთ წლების განმავლობაში, მაგრამ ამას არც ერთხელ არ მოჰყოლია კომისიის შექმნა

როცა სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე ვმუშაობთ, არ შეიძლება კომისია გასცდეს მანდატს და მართლმსაჯულების პროცესში ჩაერიოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენს მოჰყვა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„ეს იყო ძალიან მაღალი ფასის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. თუ თქვენ ან ვინმე შეეცდება, ეს გააუბრალოოს, დაამციროს, არ გამოვა, რადგან მსგავსი პრეცედენტი არ მახსოვს ისეთ საქმეებში, სადაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში და არასოდეს არავის ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში პასუხისმგებლობა არ აუღია. ჩვენ ვაჩვენეთ რომ ასეთ საქმეზე, სადაც კონკრეტული პირის პერსონალური ინტერესი არ იკვეთება, რომ ვიღაცას ხელი დააფარონ, მკვლელი დამალონ, მკვლელობის სურათი გააყალბონ, ფალსიფიკაცია მოახდინონ. ხარვეზებს ყველა საქმეში ვიპოვით. ამ საქმეშიც არის ხარვეზები, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დარჩა კითხვა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით დატოვა, ამას მოჰყვა მთავარი პროკურორის გადადგომა და ბოლოს, ამ კომისიის შექმნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, რეზონანსულ საქმეებზე საგამოძიებო კომისია არ შექმნილა.

„საზოგადოების პროტესტზე როცა ვლაპარაკობთ, საზოგადოების იმდენი სახის პროტესტი გინახავთ თქვენ ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში, ამას არც ერთხელ არ მოჰყოლია კომისიის შექმნა, თან ისეთ საქმეებზე, სადაც საერთოდ არ უნდა დაფიქრებულიყო პოლიტიკური გუნდი, უნდა შექმნილიყო თუ არა ეს კომისია. ასე რომ, საზოგადოებრივ პროტესტს თუ ხელისუფლება არ იღებს, არ რეაგირებს, არ ესმის, ეს არის გაცილებით უფრო მძიმე, თორემ საზოგადოების თუნდაც ნაწილის პროტესტის გამო ზუსტად რომ იგრძნო პასუხისმგებლობა ამ პარლამენტმა და მიიღო გადაწყვეტილება, ეს სწორია. ამ საქმემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორც სისხლის სამართლის საქმეებში ძალიან ხშირად მონაწილე ადამიანი, რომ როცა მიმდინარეობს საქმეზე სასამართლო პროცესი, იმ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება, იმავდროულად რთული, რადგან შეიძლება გადააბიჯო იმ ზღვარს, რომლითაც მოხდება შესვლა და ჩარევა პირდაპირ მართლმსაჯულების სისტემაში. ეს მოხდა ამ კომისიის მიერ და ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. არ მინდა, ასეთი პრაქტიკა, ასეთი ისტორია დარჩეს, შემდეგში როდესმე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი როცა დადგება და არქივში დარჩება ეს მასალა. არ მინდა, რომ ასეთი კვალი დატოვოს ამ კომისიამ. ძალიან გასაფრთხილებელია, როცა სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე ვმუშაობთ, არ შეიძლება კომისია გასცდეს მანდატს და მართლმსაჯულების პროცესში ჩაერიოს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ მიმართა – „ქალბატონო ეკა, ვერ გავიგე თქვენი საბოლოო დასკვნა, სწორად მოიქეცით ამ საზოგადოებრივი პროტესტის ქვეშ რომ შექმენით ეს კომისია ჩვენი უმრავლესობით თუ არასწორად საბოლოოდ“, რაზეც ეკა ბესელიამ განაცხადა:

„სწორად მოვიქეცით. საზოგადოების ხმა უნდა გესმოდეს, უნდა გრძნობდე. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არის სასამართლოში განსახილველი, სახიფათოა. ძალიან კარგად უნდა ამას გაზომვა, აწონვა. კარგად აწონისა და გაანალიზების შემთხვევაში, ყველა ინდივიდუალურმა საქმემ ალბათ უნდა უკარნახოს შემდგომში პარლამენტს, უნდა მიიღოს თუ არა გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბესელიამ.

ამის შემდეგ გიგა ბოკერია კონკრეტულად დაინტერესდა, ამჯერად სწორი იყო თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„ამჯერად იყო სწორი. როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ სწორად უნდა გააგრძელოს კომისიამ ამის შემდეგაც სიარული, რადგან სასამართლო პროცესები არ დამთავრებულა“, – დასძინა ეკა ბესელიამ.