ეკა ბესელია - ეჭვქვეშ არასოდეს დამიყენებია, რომ 2004-2012 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდი მართლაც სასტიკი იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, წარსულში ჩადენილი ყველა დანაშაული იყოს ბოლომდე მიყვანილი, ყველა დამნაშავე პირი დასჯილი, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
ბესელიას თქმით, ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია, რომ 2004-2012 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდი მართლაც სასტიკი იყო.
„2016 წელს პარლამენტმა შევაფასეთ 2004-2012 წლის პირველ ოქტომბრამდე არსებული მმართველობა, ის სისტემა იყო ნამდვილად ძალადობრივი. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები და დანაშაულებები და ამის დამადასტურებელია უამრავი განაჩენი, რომელიც გამოტანილია ყოფილი პოლიტიკური პირების მიმართ. იმ დადგენილების დასკვნას და რეკომენდაციებს რა თქმა უნდა ვიზიარებ. არასოდეს ეჭვქვეშ არ დამიყენებია საკითხი, რომ 2004-2012 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდი იყო მართლაც სასტიკი.
რაც შეეხება რეზოლუციის მოთხოვნას – ნაწილი, რომელიც კონკრეტული პირების, გვარების დასახელებით დამნაშავედ გამოცხადებას ითხოვს, კონსტიტუციის პრინციპს ეწინააღმდეგება, რადგანაც კონკრეტული პირის მიმართ დამნაშავედ გამოცხადების უფლება პარლამენტს არ გვაქვს, რათა არ იყოს აღქმული ზეწოლად სასამართლოზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამიტომ, კონკრეტული გვარების მითითების ჩანაწერი ვერ გაკეთდა კომიტეტის დასკვნაში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, წარსულში ჩადენილი ყველა დანაშაული იყოს ბოლომდე მიყვანილი, ყველა დამნაშავე პირი – დასჯილი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
„პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატრიოტების“ რეზოლუციაზე საკუთარი დასკვნის პროექტს მხარი დღეს დაუჭირა.