ეკა ბესელია - დავით უსუფაშვილის კომენტარი არ უხდებოდა არც საპრეზიდენტო კანდიდატს და არც ყოფილ სპიკერს
ეკა ბესელია - დავით უსუფაშვილის კომენტარი არ უხდებოდა არც საპრეზიდენტო კანდიდატს და არც ყოფილ სპიკერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაში პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეცდომა დაუშვა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გაუკვირდა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ უსუფაშვილის კომენტარით პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის დაკნინება მოხდა და ეს არ უხდებოდა არც საპრეზიდენტო კანდიდატს და არც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს.

„ასეთი კომენტარი განსაკუთრებით უსუფაშვილისგან გამიკვირდა. ვინ, ვინ და მან ძალიან კარგად იცის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ის პირი არ არის, რომელიც პერსონალურად გადაწყვეტილებას მხოლოდ ისეთ საკითხებზე იღებს, როგორებიცაა თანაშემწის დანიშვნა ან ვინმეს მივლინებაში გაშვება. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში პირველი წერია, რომ ის პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.

საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს და როცა სპიკერი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას წარმოადგენს, მისი უფლებამოსილება ასე რომ დაამცირო და დააკნინო, ეს იმას ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა საკუთარ უფლებამოსილებას მიაყენო, რასაც ახორციელებდი. მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო დაშვებული, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე იყო და იცის, რომ სპიკერი თანაშემწის დანიშვნისა და მივლინებაში ვინმეს გაშვების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებით რეგლამენტში სხვა ბევრი ფუნქცია წერია, ხოლო მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკნინება საკუთარი, წარსული საქმიანობის უპატივცემულობაა“, – განაცხადა ბესელიამ.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით იმსჯელებენ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განლაგდეს.

დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ“.