ეკა ბესელია – ჩნდება კითხვა, ხომ არ არის კავშირი უკრაინის მოქალაქეების ჩამოსვლასა და საპროტესტო გამოსვლებს შორის, რომლითაც რევოლუციური სცენარი იყო დაანონსებული
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ჩამოსვლასა და იმ საპროტესტო გამოსვლებს შორის კავშირზე, რომლითაც რევოლუციური სცენარი იყო დაგეგმილი, კითხვები ჩნდება.
ეკა ბესელია რადას დეპუტატის, სემიონ სემენჩენკოს განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით კითხვები აქვს.
„ამ მოვლენასა და დაგეგმილ აქციებს, პროვოკაციებს შორის კავშირი ხომ არ არის, რადგან საეჭვო გარემოებები არსებობს, რაც გამოიხატება ამ ადამიანების ჩამოსვლასა და შესაძლო კავშირში სამხედრო დაჯგუფებებთან, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ. ასევე, ხომ არ არის რამე ბმა განცხადებებთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა? ერთ-ერთი დეპუტატის სააკაშვილთან შეხვედრაც დადასტურდა. კითხვები ჩნდება კავშირების თაობაზე, ასევე მათ ჩამოსვლასა და იმ საპროტესტო გამოსვლებს შორის, რომლითაც დაანონსებული იყო რევოლუციური სცენარი. უფრო მეტ ინფორმაციას ველოდებით, რომ დასკვნების გაკეთება შეგვეძლოს“, – განაცხადა ბესელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
რაც შეეხება, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატ და ბატალიონ „დონბასის“ მეთაურ სემიონ სემენჩენკოს, რომელიც საქართველოში სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირთან ერთად იმყოფებოდა, ის ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, პოლონეთში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური ბირუკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის სემიონ სემენჩენკოც იყო. მანამდე, უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი დზინდზა წერდა, რომ სემენჩენკომ დაკავებას თავი დიპლომატიური პასპორტით აარიდა. ეს ინფორმაცია სემენჩენკომ უატყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვიდა და არავის დაუკავებია.