ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილს აქვს რესურსი, ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილს აქვს რესურსი, ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო და დროულია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს რესურსი, ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო შემდეგი ეტაპი. ნებისმიერ მმართველ პარტიას, რომელიც არჩევნებს ატარებს, სჭირდება განახლება და ახალი ძალების კონსოლიდირება, ასევე სჭირდება ახალი ხედვა.

მოქმედი თავმჯდომარე გახლავთ პრემიერ-მინისტრი. მის მიმართ შემიძლია, მადლიერება გამოვხატო, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა ქვეყანაში და ძალიან რთულია, პარტიის ყოველდღიურ რეჟიმში იმ დოზით ჩართვა, როგორც ეს პარტიას სჭირდება, განსაკუთრებით, როდესაც წინ გვაქვს არჩევნები.

ივანიშვილის გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო ამ პარტიისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

თუ კი რამე არის უკეთესად გასაკეთებელი, ეს შესაძლებელია ახლა და ამ ეტაპიდან. ივანიშვილის ფაქტორი მუდმივად ახლავს ამ პარტიის ისტორიას. განსაკუთრებული ეტაპია, როდესაც პარტიის დაფუძნებიდან ექვს წელში ის ბრუნდება. ამას ვუყურებ ძალიან დადებითად. მას შეუძლია ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს და ამის რესურსი აქვს”, – განაცხადა ბესელიამ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.