ეკა ბესელია - 2020 წლის არჩევნები ყველაზე პრინციპული იქნება, რაც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა 
ეკა ბესელია - 2020 წლის არჩევნები ყველაზე პრინციპული იქნება, რაც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა 

პირველად მაქვს შესაძლებლობა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში მივიღო მონაწილეობა. გადამწყვეტი ეტაპია, რადგან საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მალე უნდა მოხდეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან პრინციპულია ეუთო-ს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიების მიერ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მოცემული რეკომენდაციები.

„შესრულება დაგვევალა და ეს ცვლილებები ამის საპასუხო უნდა იყოს, სადაც ყველა ცვლილება არ არის ასახული. იმედი მაქვს, რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პარტიების დაფინანსების წესს, სარეკლამო დროით სარგებლობას და პროცედურულ უსწორებებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, ხელისუფლება გაითვალისწინებს, რადგან 2020 წლის არჩევნები ყველაზე პრინციპული იქნება, რაც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა.

ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევაა, მზად არის თუ არა, რეკომენდაციები, რაც მოგვცეს, კანონმდებლობაში ასახოს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ეკა ბესელია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა.

დატოვე კომენტარი