„ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტი ფოთის პორტის გაფართოების გეგმის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს
„ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტი ფოთის პორტის გაფართოების გეგმის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს

კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტი ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პროექტის განხორციელებისა და პორტის დაღრმავება-გაფართოების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც გაფართოების გეგმის თაობაზე მოლაპარაკებები შესაბამის ეტაპამდე მივა, კომპანია ნებართვის მიღებაზე განაცხადს გააკეთებს.

„ამ კუთხით ჩვენი მიდგომა არის მხოლოდ მომავლისკენ ხედვით მიმართული. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით თბილისში და წარვადგინეთ გაფართოების დეტალური გეგმა. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი. როდესაც ეს მოლაპარაკებები, გნებავთ საუბრები, მივა გარკვეულ ეტაპამდე ბუნებრივია, გავაკეთებთ განაცხადს ნებართვის მიღების თაობაზე და ცხადია, მივმართავთ შესაბამის ორგანოს“, – აცხადებს ქრისტენსენი.

ამასთან, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თავისუფალი კონკურენცია იქნება უზრუნველყოფილი. თავად ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ კი, ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ინვესტირებას არ აპირებს.

,,დარწმუნებული ვართ, ვიქნებით იმდენად კომპეტენტური, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ინვესტიციების დაცვა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი და თავისუფალი კონკურენციის პირობები. ფოთში ნავსადგურის არსებობის პირობებში, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად მეორე ნავსადგურში ინვესტირება. ამიტომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანაკლიაში ინვესტირებით“, – აცხადებს ქრისტენსენი

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოითხოვს განვითარებას. მისი თქმით, უწყებას არაერთი შეხვედრა ჰქონდა „ეიპიემ ტერმინალსთან“ ფოთის პორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე და  ცნობილია მათი სურვილი, განახორციელონ ახალი პორტის პროექტი მოქმედი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. „სამინისტროში სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით შემოტანილი ჰქონდათ პროექტი, თუმცა, იმ ეტაპზე, გარკვეული ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, ჩვენი მხრიდან არამიზნობრივად იყო მიჩნეული ამ პროცესის გაგრძელება. აღნიშნული პროცესის განახლების თაობაზე ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავთ.  თუ მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით, რამდენად დაცულია ყველა პროცედურა და რას წარმოადგენს პროექტი“, – განაცხადა მინისტრმა.