ნათია თურნავა - საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოითხოვს განვითარებას, თუმცა, ჩვენს პრიორიტეტად ანაკლიის პორტი რჩება
ნათია თურნავა - საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოითხოვს განვითარებას, თუმცა, ჩვენს პრიორიტეტად ანაკლიის პორტი რჩება

საქართველოს შავი ზღვისპირეთი და საპორტო ინფრასტრუქტურა  ნამდვილად მოითხოვს განვითარებას, თუმცა, ჩვენს პრიორიტეტად  კვლავ ანაკლიის პორტი რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ფოთის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტს სურვილი ჰქონდა, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პროექტი განეხორციელებინა პორტის დარღმავებისა და გაფართოების თვალსაზრისით, თუმცა ამ პროცესის განახლებაზე ეკონომიკის სამინისტროსთვის მათ ჯერ არ მიუმართავთ. მიმართვის შემთხვევაში, უწყება საკითხს განიხილავს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი შეხვედრები ჩვენი მოქმედი პორტების ხელმძღვანელებთან, ტოპმენეჯმენტთან, ინვესტორებთან, მათ შორის „ეიპიემ ტერმინალსთან“ არაერთი შეხვედრა გვქონია ფოთის პორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.  საზოგადოებისთვის ცნობილია მათი სურვილი, განახორციელონ ახალი პორტის პროექტი მოქმედი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთის პორტის გაფართოებისა და დაღრმავების პროექტი. სამინისტროში სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით შემოტანილი ჰქონდათ პროექტი, თუმცა, იმ ეტაპზე, გარკვეული ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, ჩვენი მხრიდან არამიზნობრივად იყო მიჩნეული ამ პროცესის გაგრძელება. აღნიშნული პროცესის განახლების თაობაზე ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავთ.  თუ მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით, რამდენად დაცულია ყველა პროცედურა და რას წარმოადგენს პროექტი, თუმცა მათი სურვილის შესახებ ჩვენთვის ცნობილია. ჩვენთვის უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთი და საპორტო ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოითხოვს განვითარებას. საქართველოს უკვე დიდი ხანია, სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და ამაზე მეტყველებს თუნდაც ტვირთების ბოლო დროინდელი სტატისტიკა, რადგან დღევანდელი ჩვენი პორტები ვეღარ აუდიან ტვირთებს, რაც ძალიან კარგია და მეტყველებს ჩვენი დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე და ჩვენი ლოგისტიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, თუმცა, ისევ და ისევ, ჩვენი პრიორიტეტი რჩება ანაკლიის პორტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალ ტენდერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს ახალ ტენდერს, ამასთან, რამდენადაც ვიცი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოთქვა სურვილი, რომ ტენდერი მათი ეგიდით ჩატარდეს და თავიდანვე მიიღონ მონაწილეობა მის მომზადებაში. ასევე მოვისმინე განცხადება ანაკლიის ყოფილი ინვესტორის მხრიდან,  თითქოს საქართველოს არ სჭირდება ერთზე მეტი ღრმაწყლოვანი პორტი. ზოგადად, მათი განცხადება ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რადგან ის ერთიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ. აქედან გამომდინარე, ამას განსაზღვრავს ბიზნესი და ველოდებით, რა პროექტები იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.