„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აცხადებს, რომ ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული ბრძანების გაუქმებაზე ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აცხადებს, რომ ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული ბრძანების გაუქმებაზე ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია

კომპანიაში „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აცხადებენ, რომ ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ არ მიუღიათ.

შესაბამისად, კომპანია განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.

ეიპიემ ტერმინალს ფოთს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ამავე საკითხზე, განცხადება გუშინ გაავრცელა კომპანიამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, სადაც აღნიშნულია, რომ „ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.