ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია – „ნურ ოთანი“ ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კვლევითი ინსტიტუტის „საზოგადოებრივი აზრის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ნურ ოთანმა“ ხმების 71,97 პროცენტი მიიღო. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, „აკ ჟოლს“ მხარი ამომრჩეველთა 10,18 პროცენტმა დაუჭირა. ხმათა 9,03 პროცენტი კი „ყაზახეთის სახალხო პარტიამ“ მიიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის პარლამენტში სამი პარტია შევა.
ეგზიტპოლები 600 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ჯამში 24 000 ამომრჩეველი გამოიკითხა. ცდომილება ორ პროცენტს შეადგენს.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების მიხედვით, 22:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 63,3 პროცენტი შეადგინა. არჩევნების წინასწარი შედეგები 11 იანვარს, სპეციალურ ბრიფინგზე გამოცხადდება.