ეგზიტპოლის მონაცემებით, ირლანდიაში რეფერენდუმზე აბორტების ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს
ირლანდიაში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ აბორტების ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა The Irish Times-თვის Ipsos/ MRBI-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, აბორტების შესახებ კანონის შემსუბუქებას ამომრჩეველთა 68%-მა დაუჭირა მხარი. გამოკითხვაში 160 საარჩევნო უბანზე 4 000 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
ირლანდიის კონსტიტუციაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ ჩასწორება 1983 წელს შევიდა. 1983 წლის 7 სექტემბერს, რეფერენდუმის გზით, მოსახლეობის 67%-მა გადაწყვიტა, რომ კათოლიკურ ირლანდიაში აბორტი კანონით უნდა აიკრძალოს. კანონი შეადრებით შემსუბუქდა 2013 წელს, როდესაც აბორტი დასაშვები გახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ირლანდიის კონსტიტუციაში 25 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ცვლილებების შეტანის შემდეგ 12 კვირამდე ვადის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელი გახდება.