ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი – ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიონატი მარკეტინგულ ინდუსტრიად აქცია და არ სურს, რომ მესი ტურნირს გამოეთიშოს #1TVSPORT

11:34, 08.07.2026

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰოსამ ჰასანმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინასთან 2:3 მარცხისა და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ფიფა დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ უსამართლობის განცდის გამო ტურნირის არცერთ მატჩს აღარ უყურებს.

„ნათელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მარკეტინგულ ინდუსტრიად იქცა. მათ არ სურთ მესის გავარდნა და სწორედ ამიტომ არ იყო ამ მატჩში სამართლიანობა. მესიმ ტყუილად არ უნდა იზეიმოს.

დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის არცერთ მატჩს აღარ ვუყურებ. ეს არის პროტესტი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს განვიცადეთ. გულით ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს – ისინი ერის გმირები არიან“, – განუცხადა ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელმა Haberler.com-ს.

მერვედფინალში ჰოსამ ჰასანის გუნდი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს 2:0-ს უგებდა, მაგრამ არგენტინამ მატჩის სურათი შეცვალა და 3:2 მოიგო. ფინალური სასტვენის შემდეგ ეგვიპტის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა, საფან ელ-საგირმა მთავარ მსაჯთან, ფრანსუა ლეტესიესთან კამათი დაიწყო, რადგან, მისი აზრით, არგენტინელთა გადამწყვეტ საგოლე შეტევამდე მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. ამის გამო მან წითელი ბარათი მიიღო.

მსაჯთან ცხარედ იკამათა მთავარმა მწვრთნელმაც, რომელიც მოედნიდან ძალით გაიყვანეს. პროტესტი ფეხბურთელებმაც გამოხატეს – თამაშის შემდეგ მუსტაფა ზიკომ განაცხადა, რომ ტურნირი არგენტინის სასარგებლოდ იყო გაყალბებული.

მსგავსი