აფრიკის ერთა თასზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. ტურნირს გამოეთიშა მასპინძელი ეგვიპტის ნაკრები – მან ქაიროში ანგარიშით 0:1 დათმო შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან. ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე ტამბინკოსი ლორჩმა გაიტანა.
ამ მატჩის შემდეგ, პოსტები დატოვეს ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ჰანი აბო რიდამ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მექსიკელმა ხავიერ აგირემ.
60 წლის სპეციალისტმა ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა. მას ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციასთან ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
აფრიკის ერთა თასზე ორი მეოთხედფინალური წყვილია ცნობილი: სენეგალი-ბენინი, ნიგერია-სამხრეთ აფრიკა.
კვირას და ორშაბათს კიდევ ოთხი მერვედფინალი გაიმართება: მადაგასკარი-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ალჟირი-გვინეა, მალი-კოტ დ’ივუარი, განა-ტუნისი.