ედვარდ ლუკასი - საქართველოს დასავლურ თავდაცვით ინსტიტუტებში ინტეგრირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ჩვენ მას ვკარგავთ
ედვარდ ლუკასი - საქართველოს დასავლურ თავდაცვით ინსტიტუტებში ინტეგრირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ჩვენ მას ვკარგავთ

საქართველოს დასავლურ თავდაცვით ინსტიტუტებში ინტეგრირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ჩვენ მას ვკარგავთ, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ბრიტანელმა პოლიტოლოგმა ედვარდ ლუკასმა უკრაინულ გამოცემა „ჰრომადსკოესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად რეალურია საქართველოს ნატო-ში გაწევრება ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გახმიანებული გეგმით, ანუ ისე, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ლუკასი პასუხობს:

„უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში მიღების პერსპექტივა ყველა პირობებში დადებითია და ამას უნდა მივესალმოთ. ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება – ეს არის ის, რისთვისაც დიპლომატები იღებენ ხელფასს. მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ნატო-ში მიღების დროს არ აღიარებდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, მაგრამ ის მაინც მივიღეთ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გახდა ნატო-ს წევრი მაშინ, როდესაც მის საბჭოთა ნაწილს დასავლეთის არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებდა.

ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ არის ასეთი განმსაზღვრელი, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ამ მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრები ცალ-ცაკლე ან ერთად პასუხობენ მუქარას, მაგრამ ამის უპირობო გარანტია არ არსებობს. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტეგრირება ყველა დასავლურ თავდაცვით ინსტიტუტში რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რადგან ჩვენ მას ვკარგავთ. რუსეთის, ჩინეთის გავლენა იზრდება. პოლიტიკა პოლარიზებულია, ინსტიტუტები სუსტდება, ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების დროს ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა – ასეთი რამ მანამდე არ ხდებოდა“, – აცხადებს ლუკასი.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, „რომელსაც ის ჯერ არ იღებს არც გერმანიისგან, არც ევროკავშირისგან, არც აშშ-ისგან და არც სხვისგან“.

კითხვაზე, რა უნდა შეიცვალოს, რომ საქართველომ მიიღოს ეს მხარდაჭერა, ლუკასი აცხადებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა აუცილებელია.

„მაღელვებს ის, რომ საქართველო მცირე ქვეყანაა განვითარების დასავლური ვექტორის მხარდაჭერის კრიტიკული მასის გარეშე. იმედი მაქვს, რომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მართალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, საქართველოს მხარდაჭერა აუცილებელია. ასევე, იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, როდესაც ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ამუშავდება და ახალი კანცლერი ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი გახდება. თუ ის იქნება მერკელის შემცვლელი, მაშინ შესაძლოა, ევროპული პოლიტიკის კორექტირება მოხდეს. შეიძლება, რაღაც მოხდეს ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც წარმატებული უნდა იყოს.

ამიტომ, „იმედი ბოლოს კვდება“. ახლა ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. ჩვენ ვცხოვრობთ დასავლეთში არსებული არეულობის პერიოდში – როგორც შიდა, ისე საგარეო დისჰარმონიაში. ასეთ დროს მომგებიანი არ არის, იყო პატარა ქვეყანა, რომელიც პერიფერიაზე მდებარეობს, დახმარება და ყურადღება სჭირდება“, – აცხადებს ლუკასი.