ედუარდ შევარდნაძის ოჯახი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის
ედუარდ შევარდნაძის ოჯახი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდიან. საუბარია თბილისში, ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის დროს გამართულ გამოფენაზე, სადაც ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილმა საყვედური გამოთქვა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის“, – აღნიშნულია შევარდნაძის შვილიშვილების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩის მიმართეს. ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები იმედს გამოთქვამენ, რომ ჰაიკე ფაიჩი ყველაფერს იღონებს, რათა ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგეს.

თბილისში, ევროპის მოედანზე, 9 ნოემბერს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა და ფოტოგამოფენა მოეწყო.