„ძველი ბათუმი საფრთხეშია“ - პროკლამაციები პრემიერაზე, რომელსაც პრემიერი და პრეზიდენტი ესწრებოდნენ [ვიდეო]

„ამხანაგებო! ძველი ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს! ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი ძველი ბათუმის დასაცავად“, – ამ შინაარსის პროკლამაციები დღეს ბათუმის დრამატული თეატრის დარბაზში იმ დროს გადაყარეს, როცა რეაბილიტირებულ შენობაში პრემიერა დასრულდა.

აქცია-პერფორმანსის ავტორი ბათუმელი სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მარი მუთიძე იყო. ის ამბობს, რომ ამ ფორმით ცდილობდა ხელისუფლების პირველი პირების ყურადღების მიპყრობას ძველ ბათუმში ქაოტური მშენებლობებისადმი.

აქცია-პერფორმანსს გამოეხმაურა სპექტაკლზე მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მარიამ ჯაში.

მისი განცხადებით, პროკლამაციების გადაყრა სიტყვის გამოხატვისა და მოქალაქის პოზიციის დაფიქსირების საინტერესო გამოხატვის ფორმა იყო.

„ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო საპროტესტო აქცია სპექტაკლის დასრულების შემდგომ. ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. ყველა მოქალაქის მოსაზრებაა გასათვალისწინებელი“,- განაცხადა ჯაშმა.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.