პრემიერ-მინისტრი ბათუმის რეაბილიტირებულ თეატრში საპრემიერო სპექტაკლს დაესწრო 
პრემიერ-მინისტრი ბათუმის რეაბილიტირებულ თეატრში საპრემიერო სპექტაკლს დაესწრო 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილ საპრემიერო სპექტაკლს დაესწრო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი KLDIASHVILI.GE, რომელიც დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა.

თეატრის საზეიმო გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა. გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ისტორიული შენობის უნიკალურ კედელს, ჭერის მხატვრობას, უნიკალურ ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს რესტავრაციის შედეგად ავთენტურობა შეუნარჩუნდა.

გარდა ამისა, თეატრში განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები და სცენის ახალი მექანიზმები დამონტაჟდა.