ძიუდოისტთა ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს
დღეს გასამართ ძიუდოს ფედერაციის არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, ქართველი ძიუდოისტების იმ ნაწილმა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდნენ, საგანგებო ბრიფინგი მოაწყო. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, გურამ თუშიშვილი და სხვა ცნობილი სახეებიც იყვნენ, რომლებმაც საერთო პოზიცია დააფიქსირეს და შეკითხვებსაც უპასუხეს.
ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით – მათ ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ დღეს არჩევნები არ გაიმართებოდა, მაგრამ გუშინ ღამით გაიგეს, რომ არ გადადებულა და ნამდვილად ტარდება.
„ამ არჩევნებს უნდობლობას ვუცხადებთ“, – ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი ჭრიკიშვილი.
მისი თქმით, ხუთი კანდიდატიდან რეალურად ორი იბრძვის, რომელიც იგივე გუნდია, რაც აქამდე იყო. ქევხიშვილი და ათაბეგაშვილი ერთმანეთზე მიბმული არიან და ერთი ძალაა. ამასთან, მისივე განცხადებით, საქმე სახელებისა და გვარების შეცვლაში არ არის, მთავარია სიტუაცია შეიცვალოს. ძიუდოისტები არ ეთანხმებიან ტოტიკაშვილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასაც.
როგორც ჭრიკიშვილმა განაცხადა, მთელი ამ მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ტოტიკაშვილი მათთან ერთხელაც არ მოსულა და გუნდს ბაინდურაშვილი ეხმარებოდა.
იგივე პოზიცია აქვთ ნაკრების სხვა წევრებსაც. ის რაც ხდება მათთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ ერთპიროვნული მმართველობა გრძელდება და დღეს, არჩევნებზეც იგივეს გაკეთებას აპირებენ. დელეგატები, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება აქვთ, ქევხიშვილის ხალხია. ეს კანდიდატები სპორტსმენებს არ შეხვედრიან და მორალური უფლება არ აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ამბობს ნაკრების კაპიტანი -ვარლამ ლიპარტელიანი.
მისივე განცხადებით, ათაბეგაშვილი არის მხარე და ის იქნება პრეზიდენტი თუ ქევხიშვილი სულერთია, ორივე მათგანი ერთ ძალის წარმოადგენს.
ძიუდოისტებს სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრიათ. როგორც ლიპარტელიანმა განმარტა, მათ ჯერ არი იციან რას იზამენ მომავალში, რადგან სპორტის მესვეურებისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არჩევნები არ შედგებოდა. მანვე აღნიშნა, რომ არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ ამის უფლებაც არ აქვთ.
ჟურნალისტების კითხვებს, ადამ ოქრუაშვილმაც უპასუხა. ის ამბობს, რომ მათთვის სახლები და გვარები მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია საქმე გაკეთდეს და შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ნორმალურად ვარჯიში და მომზადება იყოს შესაძლებელი. მისივე თქმით, ქევხიშვილსა და ათაბეგაშვილს შორის განსხვავება, მხოლოდ სახელებსა და გვარებშია, ისინი ერთი გუნდი არიან და ერთი ძალისგან იმართებიან.
ამ განცხადებებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, კანდიდატურა დავით ქევხიშვილმაც მოხსნა, მანამდე კი იგივე სხვა სამმა კანდიდატმაც მოიმოქმედა და შესაბამისად – ერთადერთი კანდიდატი ამ ეტაპზე – გიორგი ათაბეგაშვილია.
ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს.