ძიუდო | თბილისის გრანდ სლემის ქართულ ფინალში თემურ ნოზაძემ გაიმარჯვა #1TVSPORT
18:08, 03.06.2022
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე 60კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ახალგაზრდა ძიუდოისტები თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ ორთაბრძოლაში უფრო გამოცდილმა ნოზაძემ, დამატებითი დროის მეოთხე წუთზე ლამაზი გდებით გაიმარჯვა და თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.
ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავა ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელიც იაპონელ კოგასთან დამარცხდა.
რამდენიმე წუთში ტურნირზე 66 კგ-ში ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილი ფინალში წონის პირველ ნომერს, მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდება.
მანამდე კი ვაჟა მარგველაშვილი თბილისის გრანდ სლემზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
დღეს ტურნირის ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანიც (57კგ).
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ევროპის ძიუდოს კავშირმა გიორგი სარდალაშვილს 2021 წლის ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში პირველი ადგილი მიანიჭა. 18 წლის ქართველმა შარშან 60 კგ. წონით კატეგორიაში იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოქროს დაეუფლა.