ძიუდო | კონტინენტის პირველობაზე დღეს ექვსი ქართველი ისტორიის დაწერას შეეცდება #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ექვსი წევრი – ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე-90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე- +100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ისტორიის დაწერას შეეცდებიან.
საქმე ისაა, რომ ჩვენს ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე ოთხი ოქროს მედალი არასდროს მოუპოვებია (საუკეთესო შედეგი: სამი ოქრო – ბუდაპეშტი, 2013 წ). ზაგრებში მიმდინარე შეჯიბრებაზე კი ჩვენი გუნდის ანგარიშზე უკვე ორი უმაღლესი სინჯის მედალია. დღეს, ჩვენი ძიუდოისტების წარატებული ასპარეზობის შემთხვევაში, არის შანსი, ხორვატიის ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული გახდეს.
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ტურნირი კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.