ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. დღეს ტურნირზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული გუნდიც მიიღებს. ჩვენს ნაკრებს ზაგრებში კონტინენტის პირველობაზე ტიტულის დაცვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
კონტინენტის პირველობაზე გუნდურ ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.