ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია - ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
გაიმართა პირველობის წილისყრა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი (9 კაცი, 6 ქალი) შეეცდება.
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრიდან იჭიდავებს, სადაც მარკუს აუერსა (ავსტრია) და დანი კლაჩარს (ხორვატია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი – ხორვატ რობერტ კლაჩარსა და ესპანელ ხავიერ პენა ინსაუსტის წყვილში გამარჯვებულს, ხოლო გიორგი ჩიხელიძე ბულგარელ დენისლავ ივანოვს დაუპირისპირდება.
81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე ფრანგი ალფა ომარ ჯალოსა და ბერძენი ტეოდოროს დემურციდისის ორთაბრძოლის შემდეგ გაირკვევა.
90 კგ-ში ლაშა ბექაური უნგრელ როლანდ გოზს დაუპირისპირდება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი – რუმინელ ვლად ვისანს.
100 კგ-ში ილია სულამანიძე გერმანიის სახელით გამომსვლელ გიორგი უძილაურსა და ბელგიელ თომა ნიკიფოროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
+100 კგ-ში გურამ თუშიშვილის მეტოქე პოლონელ კასპერ შჩუროვსკისა და ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლი ბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება, საბა ინანეიშვილი კი ნიდერლანდელ იურ სპიიკერს შეხვდება.
57 კგ-ში წონის პირველი ნომერი ეთერ ლიპარტელიანი იტალიელ ტაუნი კაპანი დიასს შეხვდება, ნინო ლოლაძე (57 კგ) კი – ესპანელ მარტა გარსია მარტინს; ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) – მოლდოველ დანიელა ტკაჩის, მარიამ ჭანტურია (70 კგ) – ბრიტანელ კელი პეტერსენ პოლარდს, ნინო გულბანი (70 კგ) – სერბ იოვანა ჩაკარევიჩს, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტეს დაუპირისპირდება.
ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.