ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე ლაშა შავდათუაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

შეჯიბრზე მეორე წრიდან ჩაერთო და პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). ქართველმა კუბელი მაგდიელ ესტრადა ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი იგორ ვანდტკე იქნება. ამავე ეტაპზე ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს შეხვდება.

ტურნირზე 81 კგ-ში ჯერ არ უჭიდავია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ტატო გრიგალაშვილს. პირველ დაპირისპირებას იგი ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზართან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.