ძიუდო | ბაქოს გრანდ სლემზე პირველ დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ბაქოს გრანდ სლემზე პირველ დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ხვალ, 22 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს გრანდ სლემი ძიუდოში. დღეს ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე 66 კგ), მარი მახარაშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) დაიცავენ.

60 კგ-ში სარდალაშვილი და ჩხვიმიანი შეჯიბრზე გამოსვლას 1/16-ფინალიდან დაიწყებენ. ლუხუმისა და გიორგის პირველი მეტოქეები მასპინძელი, აზერბაიჯანელი ძიუდოისტები იქნებიან. ჩხვიმიანი – ბალაბაი აღაიევს, ხოლო სარდალაშვილი აზირ ტალიბოვს შეხვდება.

წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.

66 კგ-ში მარგველაშვილის პირველი მეტოქე სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩსა და ტაჯიკ ნურალი ემომალის შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო ნადირაძე კორეელ კიმს ან თურქ დემირელს დაუპირისპირდება.

52 კგ-ში ნაკრების დებიუტანტის, მარი მახარაშვილის პირველი მეტოქე გერმანელი რიჰეილი იქნება.

57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი გამოსვლას 1/16-ფინალიდან დაიწყებს – მისი პირველი მეტოქე ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.