ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო ოთხი წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს
დუშეთში გამართულ საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 44-მა დელაგატმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადა კახი კახიაშვილს.
მან დამსწრე დელეგატებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო, რომელთა შორისაც არის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლა. ასევე ძირითად მიზნებშია ძალოსნობის პირველი ბაზის შექმნა. საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძალოსნობის დანერგვა, რადგან ეს არის უმეტესი სპექტრის ძირითადი საბაზო, ფუნდამეტრი სახეობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი არც დიდ ფართს და არც დიდ სახსრებს ითხოვს. კახი კახიაშვილის მიზნებში ასევე არის საერთაშორისო ფედერაციაში ქართველი კვალიფიცირებული ფედერაციის წევრების ინტეგრირება. ასევე, 2021 წელს საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც. ყრილობაზე ასევე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ვიცე-პრეზიდენტები თამაზ ბაქანიძე, ნოდარ სირბილაშვილი, დავით ყიფშიძე და პაატა ხიზანაშვილი.
პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს კი საპატიო ვიცე-პრეზიდენტის წოდება მიენიჭა.
დღევანდელ ყრილობაზე გადაწყდა შეიქმნას სადისციპლინო კომიტეტი, რომელსაც თამაზ ლაშხი უხელმძღვანელებს, კომისიაში კი იქნებიან კახა მისირელი, ალეკო ნოზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი და პაატა ხიზანაშვილი.
ყრილობაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამაზ გურგენიძესა და ხვიჩა ქობალიას.