ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ანაჰაიმში, ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსნა.
პირველ დღეს მედლები არ გათამაშებულა. ”ქონვენშენ ცენტრის” ფიცარნაგზე ოფიციალურ გახსნამდე, ქალთა 48 და მამაკაცთა 62 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფებს დაეთმოთ, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. პირველი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობაში დღეს ჩაერთვება. 62 კილოგრამი წონითი კატეგორიის A ჯგუფში, ჩვენი დროით დილის რვა საათიდან შოთა მიშველიძე გამოვა.
გიორგი ასანიძის განკარგულებაში, კალიფორნიაში სულ ოთხი სპორტსმენია. 3 დეკემბერს რევაზ დავითაძე იასპარეზებს. მომდევნო დღეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე უკრაინელი ანასტასია გოტფრიდი ცდის ძალებს, წინასწარი შედეგებით მას მედლისთვის ბრძოლის რეალური შანსები აქვს. – ტურნირი კი 5 დეკემბერს მძიმეწონოსანთა ასპარეზობით დაიხურება, სადაც მთავარი ფავორიტი – ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.