ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება
ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

რვა მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ნაკრების მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა ლას ვეგასში წასაყვანად სამი სპორტსმენი შეარჩია, თუმცა, შესაძლოა მხოლოდ ორ ძალოსანთან ერთად გაემგზავროს.

6 მარტს გამთენიისას მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ ნევადის შტატში, გურამ გიორბელიძე (67 კგ), მანუჩარ გოგოხია (81 კგ) და ლაშა თაქთაქიშვილი (102 კგ) უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო, ტურნირზე მანუჩარ გოგოხიას ასპარეზობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია, პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს და ნაკრების წევრთა საბოლოო რაოდენობაც 5 მარტის დღის ბოლომდე გაირკვევა.

მანუჩარ გოგოხიას გამოსვლა ლას ვეგასში 9 მარტს თბილისის დროით 21 საათზე იგეგმება. ერთი დღით ადრე ანუ რვა მარტს გურამ გიორბელიძე იასპარეზებს. რაც შეეხება 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენებს, რომელთა შორის ლაშა თაქთაქიშვილიცაა, ისინი მედლებს 10 მარტს გაითამაშებენ.