ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ასლან ვაშაყმაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ასლან ვაშაყმაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ასლან ვაშაყმაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გათავისუფლების მიზნით გირაოს სახით ხუთი ათასი ლარი შესთავაზა  თუმცა მოსამართლე დავით კეკენაძემ არ გაიზიარა შუამდგომლობა და ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატ გიორგი გოგინავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვიდეომიმართვა არანაირ კავშირში არ არის მის პარტიულ საქმიანობასთან და მან აღნიშნული ვიდეომიმართვა მხოლოდ აღელვების ნიადაგზე ჩაწერა. ადვოკატი გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის თავდასხმას სამართალდამცველებზე.

„სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დატოვა პატიმრობაში. გამოძიების ამ ეტაპზე, დაცვაც ყველაფერს გააკეთებს, რომ მოიპოვოს გამამართლებელი მტკიცებულებები. არსებითი განხილვისას მოსამართლეს დავარწმუნეთ იმაში, რომ ის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით არის უდანაშაულო. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება არის აბსურდული, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამას“, – განაცხადა გიორგი გოგინავამ.

ასლან ვაშაყმაძის მომდევნო სასამართლო პროცესი 2021 წლის 25 იანვარს გაიმართება.

საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ა.ვ.-ს ბრალდება დღეს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.