პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ა.ვ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს ქ.ფოთში, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ა.ვ.-ს უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად შეხვდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცავებმა ა.ვ. დააკავეს 2020 წლის 2 დეკემბერს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.