დუდა სანაძემ ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი „ალ ხორის“ ღირსებას იცავს, რომლის მორიგი მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „ალ არაბი“ გახლდათ. სანაძის გუნდი 68:74 დამარცხდა, ქართველი უკანახაზელი კი შედეგიანობით საუკეთესო იყო.
დუდამ შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა, 27 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მცველმა 17-დან 10 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც მის გუნდში ვერავინ გადაფარა.
„ალ ხორს“ 5 მატჩში ერთადერთი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს „ალ სადთან“ ჩაატარებს.