25 თებერვლიდან ორ მარტამდე დუბაიში „ეი-თი-პი-500“ (ATP500) კატეგორიის ტურნირი გაიმართება, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაებმება.
ცოტა ხნის წინ, დასრულდა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ბასილაშვილის პირველი მეტოქე – ეს არის ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი რუსი კარენ ხაჩანოვი. ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში ოთხჯერ უთამაშია და პირადი ანგარიშია – 2:2. პირველი ორი შეხვედრა „ფიუჩერსისა“ და „ჩელენჯერის“ დონეზე ბასილაშვილმა მოიგო, შემდეგ კი ATP-ის დონეზე ხაჩანოვმა – 2016 წელს ვენაში და 2017 წელს – სტამბოლში იმარჯვა.
ხაჩანოვი, ამჟამად, მსოფლიოს მე-11 ჩოგანია, რაც მისი კარიერის რეკორდია. ბოლო ორი ტურნირი მან ჩააგდო – სოფიაში და როტერდამში პირველივე წრეში, შესაბამისად, იტალიელ მატეო ბერეტინისთან და ჰოლანდიელ ტალუნ გრიკსპურთან წააგო. ამავე ტურნირებზე ბასილაშვილმაც ითამაშა: სოფიაში პირველ წრეში წააგო გერმანელ დანიელ ბრანდსთან, როტერდამში ჯერ კორეელ ჰიეონ ჩუნგს მოუგო, შემდეგ კი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა.
დუბაის ტურნირზე განთესილები არიან:
1. კეი ნიშიკორი (იაპონია), 2. როჯერ ფედერერი (შვეიცარია), 3. მარინ ჩილიჩი (ხორვატია), 4. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), 5. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), 6. ბორნა ჩორიჩი (ხორვატია), 7. მილოშ რაონიჩი (კანადა), 8. დანიილ მედვედევი (რუსეთი).
დუბაიში ბასილაშვილი წყვილებში თამაშსაც აპირებს. ის და ავსტრალიელი მეტიუ ებდენი პირველ წრეში მეორე ნომრად განთესილ დუეტს დაუპირისპირდება, რომლის შემადგენლობაშიც სამხრეთაფრიკელი რავენ კლაასენი და ავსტრალიელი მაიკლ ვინუსი არიან.