„დორტმუნდმა“ გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანოს 15 წლის იუსუფ მუკოკო. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გამოაცხადა.
„დიახ, ეს მართალია. მართლაც შევიყვანთ მუკოკოს ჩემპიონთა ლიგის განაცხადის B სიაში“, – თქვა ცორკმა.
ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მას შემდეგ მიიღებს, რაც 16 წელი შეუსრულდება. ეს 20 ნოემბერს მოხდება. ის შეიძლება გახდეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, თუ 24 ნოემბერს „ბრიუგეს“ წინააღმდეგ გავა მოედანზე.
მუკოკოს „დორტმუნდის“ ახალგაზრდულ გუნდებში ჩატარებულ 86 მატჩში 128 გოლი აქვს გატანილი. აგვისტოდან მოყოლებული, ფორვარდი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მუკოკოს გამო, ბუნსდელიგამ მატჩებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ლიმიტი ქვემოთ დასწია.