„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში დატოვებს პარიზულ გუნდს.
„სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მე არ შემიძლია, ვიყო გუნდის ნაწილი და შევიტანო წვლილი მის წარმატებებში. იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ. იმედია, მექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევხედო თვალებში გულშემატკივრებს „პარკ დე პრენსზე“ და გამოვეთხოვო მათ ისე, როგორც მიღებულია. თუ ეს არ მოხდება, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მე ამას არასოდეს დავივიწყებ“, – დაწერა დონარუმამ სოციალურ ქსელში.
უფრო ადრე „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ თავის თავზე აიღო დონარუმას შემადგენლობიდან გარიცხვა.
„დონარუმა ჩამოშორებულია გუნდის შემადგენლობას. ეს ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებაა. 100 პროცენტით პასუხისმგებელი ვარ მასზე.
მე სხვა ტიპის მეკარე მჭირდება, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. დონარუმა ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
13 აგვისტოს პსჟ „ტოტენჰემს“ შეხვდება ევროპის სუპერთასის მატჩში. დონარუმა ვერ მოხვდა საფრანგეთის ჩემპიონის განაცხადში.