დონალდ ტუსკი ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის გადავადებას სთავაზობს
დონალდ ტუსკი ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის გადავადებას სთავაზობს

დონალდ ტუსკი ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის გადავადებას სთავაზობს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ბრექსიტის თარიღის გადაწევა ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია.

„შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის შეჩერებაზე ბორის ჯონსონის გადაწყვეტილების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვების თავიდან ასარიდებლად, გაერთიანების 27 წევრ სახელმწიფოს თარიღის გადაწევის რეკომენდაციას მივცემ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიკრობლოგის საშუალებით.

შეგახსენებთ, ცოტა ხსნი წინ ბორის ჯონსონმა ბრექსიტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც კანონმდებლებმა კანონპროექტის სამ დღეში განხილვაზე უარი განაცხადეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გაესაუბრება და მოახსენებს, რომ ბრექსიტის თარიღის გადავადების წინააღმდეგია.

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწიეს, რის შემდეგაც დოკუმენტი ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. ახლა შეთანხმების რატიფიცირება დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მოახდინოს.