დონალდ ტუსკი - ბრაზილიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია რთული წარმოსადგენია, როდესაც მისი ხელისუფლება „დედამიწის ფილტვებს“ ცეცხლს ანადგურებინებს
დონალდ ტუსკი - ბრაზილიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია რთული წარმოსადგენია, როდესაც მისი ხელისუფლება „დედამიწის ფილტვებს“ ცეცხლს ანადგურებინებს

ევროკავშირი ამაზონის ტყეში ხანძრის გამო ბრაზილიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გადადებით იმუქრება. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა.

„ხანძარი ამაზონის ტყეში ჩვენი დროის კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლიც ასევე ითვალისწინებს კლიმატისა და გარემოს დაცვას. მაგრამ არ შეთანხმების რატიფიკაცია რთული წარმოსადგენია, როდესაც ბრაზილიის ხელისუფლება უფლებას აძლევს ცეცხლს, გაანადგუროს „დედამიწის ფილტვები“, – აცხადებს ტუსკი.

ამასთან, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, ბრაზილიის მთავრობას ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ფინანსური დახმარება გამოუყოს.

გარემოსდამცველები ამაზონის ტყეში ხანძრების გაჩენაში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რომელმაც უფლება მისცა გლეხებს, მიწების გასასუფთავებლად ცეცხლი გამოიყენონ.

თავის მხრივ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლი ამაზონის ტყეში არასამთავრობოებმა გააჩინეს, რაც ქვეყნის მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.