დონალდ ტუსკი – პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის სამიზნე პოლონეთი იყო
არ არსებობს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, თითქოს სამიზნე პოლონეთი იყო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკმა დაათვალიერა იმ ობიექტის ჩამოვარდნის ადგილი, რომელმაც პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და დაადასტურა წინასწარი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საქმე ეხება რუსულ ფრთოსან რაკეტას, Х-101-ს.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო“, – აღნიშნა ტუსკმა.
როგორც მან აღნიშნა, „რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს“.
ამასთან, ტუსკის თქმით, ამერიკელები დაინტერესებული არიან პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებაში მონაწილეობით.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ოდესღაც მოხდა, აღარ განმეორდეს. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, ხალხი ყველაფრის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. ეს ომი სავსეა მოულოდნელობებით. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვისწავლოთ ახალ სიტუაციებსა და ახალ საფრთხეებზე რეაგირება“, – აღნიშნა ტუსკმა.
ცნობისთვის, 30 ივლისს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმის დროს ასევე დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცე.