დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიამ არ უნდა გაასამართლოს უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებაში არიან ეჭვმიტანილი

18:52, 21.08.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გერმანიამ არ უნდა გაასამართლოს უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებაში არიან ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ტუსკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლონეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და მისი მშენებლობის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ გაზსადენი ევროპის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას გააღრმავებდა.

„იმ დროს გერმანიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, აზრი შეიცვალეს, თუმცა ძალიან გვიან“, – განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, გერმანიამ არ უნდა გაასამართლოს ადამიანები, რომლებიც იმ პირობებში, როდესაც მათი ქვეყანა თავდასხმის ობიექტია, ამა თუ იმ მოქმედებას ახორციელებენ.

„ამ საკითხზე ჩემს პოზიციას არ შევცვლი. მიმაჩნია, რომ სირცხვილი უნდა იგრძნონ მათ, ვინც ეს გაზსადენი ააშენა და არა მათ, ვინც ის მწყობრიდან გამოიყვანა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ზ. ხორვატიაში გერმანიის მიერ გაცემული ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავეს. ამავე საქმეში კიდევ ერთ ფიგურანტს, უკრაინის მოქალაქე სერჰი კ.-ს, რომელსაც ბრალად ედება ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და ორი რუსული გაზსადენის ოთხი მილიდან სამის აფეთქებაში მონაწილეობა, გერმანიაში ბრალი უკვე წაუყენეს. ის 2025 წლის აგვისტოში იტალიაში დააკავეს, ნოემბერში კი გერმანიას გადასცეს.

მსგავსი