დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო დღეს თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადმინისტრაციის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეწყალებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მედიასაშუალების ცნობით, მათ შორის არიან რეპერები – ლილ უეინი და კოდაკ ბლექი, რომლებიც იარაღის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იყვნენ გასამართლებული. ასევე, დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი, რომელიც კორუფციული ბრალდებების საფუძველზე, 28-წლიან სასჯელს იხდიდა.
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ სტივ ბენონს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხების მოზიდვის ონლაინკამპანიასთან დაკავშირებულ თაღლითობაში გასული წლის აგვისტოში წაუყენეს ბრალი. სტივენ ბენონი სტრატეგიულ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა. მანამდე, 2016 წლის აგვისტოდან ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.